
ინგლისის “ლივერპულის” კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა აღიარა, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე მატჩში, "ენფილდზე" მადრიდის “ატლეტიკოსთან” 1:1 დასრულებულ შეხვედრაში, ესპანელთა კარში დანიშნული პენალტი საკამათო იყო. ამის შესახებ უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება. “პენალტი მართლაც საკამათო იყო, მაგრამ იმ ეპიზოდში ბურთთან პირველი მე აღმოვჩნდი. ყოველივე საჯარიმოს გარეთ რომ მომხდარიყო, არბიტრი წესების დარღვევას მაინც დააფიქსირებდა და ეს მომენტი, ასეთი განხილვის საგანი აღარ გახდებოდა. მატჩის პირველი ნახევარი “ჩავაგდეთ”. ჩვენ უფრო სწრაფად უნდა გვეთამაშა, მეორე ტაიმში კი მოვუმატეთ. საბოლოოდ, ამან ნაყოფი გამოიღო და შეხვედრა ფრედ დავასრულეთ. სტატისტიკას თუ გადავხედავთ, “ლივერპულმა” მეტოქის კარის მიმართულებით 22-ჯერ დაარტყა. მიუხედავად ამისა, რაღაც მომენტში ვფიქრობდით, რომ ანგარიშის გათანაბრებას ვერ შევძლებდით” - განაცხადა ჯერარდმა. გასულ შეხვედრაში, “ლივერპული” 67-ე წუთზე მანიშეს მიერ გატანილი გოლით მარცხდებოდა და ჯერარდმა ძირითადი დროისთვის დამატებულ მეხუთე წუთზე, ანგარიში პერნიას მიერ მისი წაქცევისთვის დანიშნული პენალტით გაათანაბრა.
|